„ურბანული ტყეების“ ცნება ჩრდილოეთ ამერიკაში მწვანე სივრცეების პოპულარიზაციის მიზნით დამკვიდრდა. კონცეფციის მიზანს, დასახლებებთან ახლო მდებარე ტყე-პარკების და ადამიანების კეთილდღეობის ხელშესაწყობად მათი რესურსების სწორად განკარგვა წარმოადგენს. ურბანული ტყეები სხვა ტყეებისგან განსხვავებით, უმთავრესად ადამიანებთან სიახლოვით გამოირჩევა და ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობით ხასიათდებიან.
ურბანულ ტყეებს არაერთი უპირატესობა აქვთ, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ისე გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. დღევანდელი გამოწვევის საპასუხოდ, უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რეკრეაციული ზონები, რამეთუ ისინი ასევე ქმნიან ბავშვებისთვის ჯანსაღ სივრცეს, გაჯეტებთან პასიურად გატარებული დროის საკომპენსაციოდ. ამასთან, ურბანული ტყეები ამცირებენ და ახშობენ ქალაქის ხმაურს, ხელს უწყობენ სუფთა ჰაერის წარმოქმნას და მაცხოვრებლებს გადატვირთული ქალაქური ცხოვრებისგან ფსიქოლოგიურ თავშესაფარს სთავაზობენ.
ურბანული ტყეების ქალაქის გარემოში ინტეგრირების უპირატესობები კარგად არის გააზრებული ევროპულ ქვეყნებში. მაგალითისთვის, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში აღსანიშნავია მუხნარის ტყე-პარკი, სადაც მინიმალური ჩარევით, შენარჩუნებულია მრავალწლოვანი ტყის სტრუქტურა. ასეთი პარკები საშუალებას აძლევს ადამიანებს დატკბნენ ფლორისა და ფაუნის იშვიათი ჯიშებით და ისინი თავიანთ ბუნებრივ გარემოში დაათვალიერონ. ურბანული ტყეებითა და მწვანე სივრცეებით აგრეთვე გამოირჩევა დანიის სამეფო. ცნობილი ტივოლის ბაღები სწორედ დედაქალაქ კოპენჰაგენის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, სადაც ბუნებასთან ახლოს, ადამიანები კულტურულ, სპორტულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.
მსოფლიოსთან ერთად, მწვანე სივრცეებზე მოთხოვნა საქართველოს დიდ ქალაქებშიც იზრდება. საქართველოში, მოსახლეობის უმეტესობა (57%) ურბანული ტიპის დასახლებებში, ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა 2011 წელს მოსახლეობის 16% სოფლებიდან ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, რამაც თავისთავად გაზარდა წნეხი ქალაქებზე, რომლებმაც მაცხოვრებლებს შესაბამისი სივრცეები და განტვირთვისთვის საჭირო სარეკრეაციო ადგილები უნდა შესთავაზონ.
ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში, მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ურბანული ტყეების მნიშვნელობაზე საერთო აზრი აქვთ. ისევე როგორც სხვა ქალაქებში, მწვანე სივრცეებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქუთაისის საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და სარეკრეაციო აქტივობებში, ვინაიდან სარგებელი მოაქვს როგორც გარემოს დაცვის, ისე ჯანდაცვისა და კულტურული თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ქუთაისში, 2019 წლის მონაცემებით, თითო მოსახლეზე დაახლოებით 8 კვ. მ მწვანე საფარი მოდიოდა, რაც ევროპაში იმავე საშუალო ინდიკატორთან (30-50-მდე კვ. მ) შედარებით დაბალია. ხსენებული გამოწვევის საპასუხოდ, ქუთაისის ახალი გენგეგმის კონცეფცია ითვალისწინებს ქალაქის უნიკალურ ხასიათსა და სივრცით ნიუანსებს. შესაბამისად, 2022 წლის დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მკაფიო ხედვას, თუ როგორ შეიძლება ურბანული ტყეებისა და მწვანე სივრცეების განვითარება. ასეთ ინიციატივებს შორისაა ქ. ქუთაისის ბოტანიკური ბაღის განვითარება, ურბანული ტყე-პარკების მოწყობა, მათი მენეჯმენტი, კუნძულებისა და ბულვარის კეთილმოწყობა და სხვა.
დოკუმენტის თანახმად, ქ. ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყეს ურბანულ ტყედ გადაქცევის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ქალაქის პერიფერიული ნაწილები მწვანე სივრცეთა სიმრავლით ხასიათდება, რომელიც შესაძლოა, რომ რეკრეაციული დანიშნულებით იქნეს გამოყენებული. გენგეგმის თანახმად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მოიაზრება სანაპიროების გასწვრივ რეკრეაციული „ლურჯ-მწვანე“ დერეფნების შექმნაც, რაც რიონის სანაპირო ზოლზე მწვანე სივრცეების განვითარებას გულისხმობს.
ხშირად, მწვანე სივრცეების არსებობის მიუხედავად, შესაბამისი მიდგომებისა და მენეჯმენტის გარეშე მოსახლეობისთვის ისინი ნაკლებ მიმზიდველია. ამის კარგი მაგალითია, ქ. თბილისში მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც შესაფერისი ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სტანდარტების არარსებობის მიზეზით, ამ ეტაპზე თბილისელები ნაკლებ დროს ატარებენ. ურბანული ტყეების მიზიდულობის ცენტრად ქცევა, მოითხოვს ნებას, ძალისხმევასა და ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს, ვინაიდან ხშირად ფინანსების ნაკლებობა აბრკოლებს ურბანული ტყეების განვითარებას.
ხელის შემშლელ ფაქტორებს შორისაა აგრეთვე ტყის რესურსების არასწორი განკარგვა, პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ადგილობრივი საზოგადოების პასიურობა. ურბანული ტყეების მნიშვნელობის გააზრებამ შესაძლებელია გააუმჯობესოს ასეთი სივრცეების მართვის პრაქტიკა. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია როგორც ადამიანების კეთილდღეობაზე ფიქრი, ისე ბუნების მოფრთხილება და შენარჩუნება, რომელსაც საფრთხე მრავალრიცხოვანმა მნახველმა შეიძლება შეუქმნას.
ქუთაისის ურბანულ ტყეებს ნამდვილად აქვთ პოტენციალი გახდნენ ქალაქის ფასდაუდებელი აქტივი, რომელიც მის მდგრად განვითარებასა და მაცხოვრებლების კეთილდღეობას მოემსახურება.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ რომლის მიზანსაც ქალაქ ქუთაისის მდგრადი ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, დაბალემისიიანი ტრანსპორტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. პროექტი სრულად უჭერს მხარს ქალაქის მწვანე სივრცეების განვითარებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სადემონსტრაციო პროექტებით დახმარებას სთავაზობს.
სტატია მომზადებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ ფარგლებში.