"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ოფისში, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ ორი პროექტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ქალაქში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პირველი პროექტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების საკითხს.
კვალიფიკაციის ამაღლების გზით ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას, მათ რეალიზებას. ამისთვის შეექმნებათ ხელსაყრელი პირობები.
მეორე პროექტი ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისთვის ხელშეწყობას. კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება და თანადაფინანსება ხელს შეუწყობს მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ და გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, რაც თავის მხრივ უზრუნველჰყოფს დასაქმებას და მათთვის სოციალური ფონის გაუმჯობესებას.
"ქუთაისის მერია, შარშანდელი წლის მსგავსად, დღეიდან აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროექტებზე კონკურსს. ვიწვევთ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, მოვუწოდებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თავადაც შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და შემოიტანონ საინტერესო საპროექტო განაცხადები, რომელიც ორიენტირებული იქნება მათი კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების პროექტების ხელშეწყობაზე. ჩვენ მზად ვართ საუკეთესო პროექტები დავაფინანსოთ. გასულ წელს ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ მსგავსი პროგრამის განხორციელებით. წელს გვაქვს სიახლე, იგივე პრინციპით ვაცხადებთ მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას. ამ პროგრამის განხორციელება ორ ეტაპიანია, პირველ ეტაპზე ვაცხადებთ კონკურსს ორგანიზაციის შესარჩევად რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს მინიმუმ სამი მრავალშვილიანი ოჯახისათვის ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობას, ან არსებულის გაფართოებას, მათ გადამზადებას, პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობას და მონიტორინგს. ამ შემთხვევაში შევარჩევთ მხოლოდ ერთ ორგანიზაციას, ჩვენი პროგრამის მოცულობა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის კუთხით წარმოადგენს 33 000 ლარს და ამ თანხაში ორგანიზაციამ თანადაფინანსებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს ოჯახების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ სოციალურ საკითხთა სამსახურში (მის: ნ.დუმბაძის ქ.N61), ვებ გვერდზე www.kutaisi.gov.ge საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად https://www.youtube.com/watch?v=fJ8KAHM8AmQ