ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროცესი მალე დაიწყება.
პროექტირებაზე ტენდერი 2019 წელს გამოცხადდება და სამუშაოები სრულად 2 წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ დღეს ქუთაისში მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. ფონდის ხელმძღვანელმა ძველი რიონისპირა სახლები ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან და იმერეთის გუბერნატორ, შავლეგო ტაბატაძესთან ერთად დაათვალიერა.
ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ისტორიულ ნაწილში აღდგება სახლები, მოხდება რეაბილიტაცია, მოწესრიგდება კალაპოტი, მოეწყობა სანიაღვრეები, ბილიკები და უბანი ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ქალაქისთვის, შეკრავს მთლიანად ტურისტულ მარშრუტს.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ეს არის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება, რომელზეც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად აქტიურად დაიწყო მუშაობა.
,,აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული უბნის განახლება თითოეული ქუთაისელისთვის. ეს იქნება საუკუნის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ქუთაისი სრულიად ახალ იერსახეს შეიძენს და ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება, როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.
იგეგმება დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაციაც და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება ძალინ მალე დაიწყება.
ფონდი მზადაა გამოაცხადოს ტენდერი, რის შემდეგაც განხორციელდება მასშტაბური პროექტი. ამის გარანტია არის სახელმწიფო და ის გზა, რომელზეც ჩვენ ვართ", -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.