ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დასრულების ფაზაშია მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა. ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისთვის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული იქნება შენობის ავთენტური იერსახე, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან. მოეწყობა ტერასა მთავარი მოედნის ხედით და ამფითეატრის ტიპის სცენა 100 მაყურებლისთვის, გამომდინარე სივრცითი, კომპოზიციური და ფუნქციური მახასიათებლებიდან.
შენობა გათვალისწინებულია, როგორც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, საგამოფენო დარბაზებითა და სახელოვნებო მიმართულებების სივრცეებით.
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე გაეცნო.
„მალე დასრულდება ქუთაისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში გვექნება კიდევ ერთი თანამედროვე სახელოვნებო სივრცე, რომელიც ახალ შტრიხს შემატებს ქუთაისის ცენტრალურ მოედანს და ამასთანავე, შენარჩუნებული ექნება ავთენტური იერსახე." - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.