ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული ზონებისა და საყრდენი კედლების მოწესრიგება, რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ სკოლებს.
ქუთაისში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ეს მაჩვენებელი შესაძლოა წლის ბოლომდე 20 მილიონამდე გაიზარდოს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი რამდენიმე ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მათ შორის, იმყოფებოდა ავტომშენებლის ქუჩაზე, სადაც წესრიგდება მდინარე ოღასკურას კალაპოტი, პარალელურად კი, ეწყობა რეკრეაციული ზონა. ქალაქის მერმა დაათვალიერა ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ადგილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე ქსელი და ტროტუარი. მერი, ასევე, იმყოფებოდა მე-11 სპორტულ სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, კეთდება ჰარდის ტიპის საფარი და სრულად განახლდება ჩოგბურთის კორტები.