ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული იდეათონი დაიწყო.
ღონისძიების გახსნას დაესწრნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP ) კოორდინატორი ოთარ კონჯარია.
„ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელი „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტია, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება.
ამ პროექტის ეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია მასში ახალგაზრდების ჩართულობა, მათი კრეატული და ინოვაციური იდეები ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის განვითარებას, ეკო-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ვიზიტორებისთვის.
ორი დღის განმავლობაში იდეათონის მონაწილეები ბევრ საინტერესო იდეაზე იმუშავებენ, რომლებსაც მომდევნო ეტაპზე , ქუთაისის მერიის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით რეალობად ვაქცევთ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
იდეათონში 8 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 30 მარტს გამოვლინდებიან.
დღესვე, გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. პროექტი განახორციელა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
იდეათონი ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ( რომელიც შემუშავდა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით) ტარდება.
იდეათონის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ხოლო პარტნიორები - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.