3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ქორქია-საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ღონისძიება ჩატარდა.
სპორტის სასახლეში გამოფენილი იყო ქუთაისში მცხოვრები შშმ პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები. გაიმართა სპორტული აქტივობები შშმ პირების მონაწილეობით. შეჯიბრი ჩატარდა ჭადრაკში, შაშში, ნარდში, მკლავჭიდში, წოლჭიმსა და ბოჩაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მუშაობს. ეს პროგრამები მოიცავს ქალაქში მცხოვრებ შშმ პირთა დიდ უმრავლესობას და მიმართულია მათი უნარების განვითარებისკენ, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის.
დღეს ვნახეთ, ამ პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა შეჯიბრი სპორტის რამდენიმე სახეობაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ამ ფორმით აღნიშვნა ქუთაისში უკვე ტრადიციად იქცა."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურისა და ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.