ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნით სოციალურ საცხოვრისში არსებული დეფექტების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების ნუსხის შემუშავების მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 მარტის N592 ბრძანებით შეიქმნა კომისია. კომისიის რეკომენდაციით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ეთხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს საექსპერტო მომსახურების გაწევა ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში არსებულ დეფექტებთან დაკავშირებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და ,შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში. ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „სანო“-ს მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარვეზების მაქსიმალურად მცირე დროში აღმოფხვრა. შპს „სანო“-ს მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის უგულველყოფის შემთხვევაში მერიის მიერ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.