ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად გაეცნო.
ქუთაისის მწვანე ყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებში სავალალო მდგომარეობა იყო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩებში მოუწესრიგებელი რჩებოდა გზის სავალი ნაწილი. მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა დახმარებას. მწვანე ყვავილას ქუჩაზე საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები დროული და მნიშვნელოვანი იყო, რადგან საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით სამივე ქუჩაზე ბეტონის საფარი კაპიტალურად დაიგო. კონტრაქტორები წინასწარ გამოცხადებული სატენდერო პირობით შეირჩა. მწვანე ყვავილას ქუჩაზე 155 700 ლარი, ლუკა ასათიანის ქუჩაზე 93 835.28 ლარი, ხოლო ლესელიძის ქუჩაზე კი 242 669.52 ლარი დაიხარჯა. ქალაქის მერმა ასევე დაათვალიერა თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევებში სანიაღვრე არხებისა და გზის აღდგენის სამუშაოები. თაბუკაშვილის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 შესახვევებში მთლიანად მოასფალტდება გზა, რისთვისაც 300 ათას ლარამდე იხარჯება. „ვაკეთებთ იმ გზებს, რომელიც კარგა ხანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ინფრასტუქტურის მოწესრიგება, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ“- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.