აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფორუმი მიმდინარეობს -ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსები და ქალაქის მერის მოადგილეები. ქუთაისის მერის მოადგილეებმა: იუზა უგულავამ და ნინო თვალთვაძემ ფორუმის მონაწილეებს ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცვნეს და მათ ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.
„მოსახლეობის ფორუმის“ მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგი. აღნიშნული აქტივობის მიზანია ქუთაისის მოსახლეობას საშუალება მიეცეს გამოავლინონ ქალაქში არსებული პრობლემები, რადგან მათ ამ უკანასკნელის გადაჭრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეძლონ.
2018 წლის ფორუმის განმავლობაში, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ექნება შესაძლებლობა იმუშაოს სამი მიმართულებით:
ა) ინფრასტრუქტურული პროექტები
ბ) სოციალური პროექტები
გ) ახალგაზრდული პროექტები, კულტურა, სპორტი;
,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო უზრუნველყოფილიყო მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში, ამიტომ წარვადგინეთ ძირითადი პარამეტრები თუ რა თანხის დახარჯვას ვაპირებთ პრიორიტეტების მიხედვით, ჯერი იყო მოქალაქეებზე მოეწოდებინათ ჩვენთვის მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც იცით პრიორიტეტების დოკუმენტით ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ძირითადად განსაზღვრა 2 მთავარი მიმართულება: ინფრასტრუქტურა და სოციალური. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული საკითხები ისევე როგორც ინფრასტრუქტურა და სოციალური იყოს ასახული ღიად და რაც ყველაზე მთავარია ამ პროცესში, მოქალაქეების ინიციატივები იყოს განსაზღვრული ბიუჯეტში,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
სექციის ფასილიტატორების მიერ პროექტების წარდგენის შემდეგ, მოსახლეობას დაურიგდება 3 ფერის სტიკერი და თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს მისთვის სასურველ მხოლოდ ერთ პროექტს თითო სექციაში. ის ინიციატივები, რომლებიც დააგროვებენ ხმათა უმრავლესობას გადაეცემა მრჩეველთა საბჭოს შემდგომი დამუშავებისათვის და წარედგინება მერს რეკომენდაციის სახით.