საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ქუთაისში განხორციელდა პროექტი, რომელიც ქალაქის დაბალემისიიანი განვითარების ურბანულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.
დასკვნით სამუშაო შეხვედრა, ქუთაისის ინნის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარეხი ნიჟარაძემ პროექტის შედეგებზე ისაუბრა.
პროექტი — „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას ითვალისწინებდა. შემუშავდა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცდა პოლიტიკის დოკუმენტები - ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია (LEDS) და მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა (ISUMP), მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომზადდა მიწის დეგრადაციის ცხელი წერტილების რუკა.
ასევე, ქუთაისისთვის შეძენილ იქნა ორი ელექტრო ავტობუსი, რომელიც მოსახლეობას გასული წლის თებერვლის თვიდან წარმატებით ემსახურება. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელების პროცესშია აგრეთვე მეორე სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც მუხრანის (საღორიის) ტყისთვის ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტებით (nature-based solutions) საპარკინგე და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ხორციელდება და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ არის დაფინანსებული.