მიმდინარე წლის 30 ივნისს „დამეგობრებული ქალაქების თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე ონლაინ სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლატვიის, მოლდოვის, ჩინეთის, თურქეთის, უნგრეთის, პოლონეთის, უკრაინისა და ბულგარეთის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ახალგაზრდული პოლიტიკა და მუნიციპალური სერვისები. მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები საკუთარი ქალაქების ახალგაზრდული პოლიტიკის, ახალგაზრდული საბჭოების საქმიანობის, ახალგაზრდებისთვის შექმნილი მუნიციპალური სერვისების, არაფორმალური განათლების, მოხალისეობის, ახალგაზრდული სივრცეების, სპორტული და კულტურული პროგრამების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით. ასევე გაიმართა დისკუსია ახალგაზრდული პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„დამეგობრებული ქალაქების თანამშრომლობის პლატფორმის“ მიზანია პარტნიორ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა, ასევე სხვადასხვა სფეროში გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო აქტიური განვითარება.