ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ( UNHCR-ის ) წარმომადგენელს საქართველოში კემლინ ფურლის შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ UNHCR- ის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნინო ქაჯაია და მრჩეველი საერთაშორისო დაცვის საკითხებში თეა კვირიკაშვილი.
დავით ერემეიშვილმა UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქალაქში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ. კემლინ ფურლიმ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს იმ თანამშრომლობისთვის, რასაც ქუთაისის მერია მუდმივად იჩენს UNHCR-ის ეგიდით განხორციელებული პროექტების მიმართ.
შეხვედრაზე განიხილეს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა ქუთაისში და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.