ქუთაისში საშობაო ქალაქი გაიხსნა. მულტფილმების პერსონაჟებმა პატარებს ახალი წელი მიულოცეს და საბავშვო წარმოდგენა გამართეს. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა თოვლის ბაბუა, რომელმაც პატარებს საჩუქრები დაურიგა. საბავშვო ქალაქში საშობაო ქოხებია განლაგებული, სადაც პატარებს დღის განმავლობაში მულტფილმის პერსონაჟები უმასპინძლებენ და მათთვის სპეციალურ შოუ პროგრამას წარმოადგენენ. მონპლეზირის თაღთან საახალწლო-საშობაო ბაზრობა იმართება, სადაც გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები და აქვე ტრადიციულად გრანდიოზული გოზინაყის დაგემოვნებაც მიმდინარეობს. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს ჩაერთოს ღონისძიებაში. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საახალწლო პროგრამა მაქსიმალურად მრავალფეროვანია. ქუთაისელებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამით. საახალწლო ღონისძიებები 5 საათზე პიანისტ დათუნა ალადაშვილის კონცერტით გაგრძელდება, რომელიც ,,თი ბი სი" გალერეაში გაიმართება და 10 საათზე ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ქართველი შემსრულებლები: რობი კუხიანიძე, ლუკა ზაქარიაძე და ქეთათო მიიღებენ. 12 საათის შემდეგ ღამის 3 საათამდე, კონცერტი ელექტრონული მუსიკით და დიჯეი სეტებით გაგრძელდება.