საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა იმერეთის მხარეში ვიზიტი შეაფასა და ქუთაისის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით ქალაქმა არ უნდა დაკარგოს ძველი ნიშა, რომლის თანახმად ის ყოველთვის იყო კულტურულ- საგანმანათლებლო კერა.
პრეზიდენტმა ამ კუთხით ქალაქის სამომავლო განვითარების გზებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უნივერსიტეტში, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრის ბოლოს, ნინო თვალთვაძემ პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.
"პრეზიდენტის გამოსვლაში საკმაოდ საინტერესო მიმართულებები გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში კულტურა და განათლება პრიორიტეტი უნდა იყოს, რაზეც დიდი ხანია შეთანხმებულები ვართ. ეს მიმართულებები არასდროს გადაინაცვლებს მეორე-მესამე ადგილებზე და ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციებზე ქალაქის განვითარების კუთხით.
მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს. რაც შეეხება განვითარების პერსპექტივებს, უახლოეს მომავალში დავიწყებთ გენ გეგმაზე მუშაობას და მალე ეს ყველაფერი ცნობილი გახდება,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.