ქუთაისის მერია 2019 წელს „გადაუდებელი რეაგირების“ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებში განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ისეთი ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც იმყოფებიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, არ სარგებლობენ სახელმწიფო თუ ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებებით, რის გამოც საფრთხე ემუქრებათ ოჯახის წევრის/წევრების სიცოცხლეს და საჭიროებენ გადაუდებელი პირველადი სერვისის მიწოდებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში მოქმედი ორგანიზაციების, World Vision – საქართველო, „SOS“ ბავშვთა სოფელი, „INER Georgia“ და საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ქალაქის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ. "იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იცხოვრებს არასრულწლოვანი, პილოტირებული ინიციატივის ფარგლებში, დახმარების მთხოვნელი ოჯახის საჭიროებას შეისწავლის და დასკვნა -რეკომენდაციას მოამზადებს World Vision – საქართველოს ბაზაზე არსებული რეაგირების ჯგუფი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში საკითხი შეისწავლება და დასკვნა -რეკომენდაცია მომზადება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ოჯახის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე"- განაცხადა ნინო თალთვაძემ. ოჯახის საჭიროების შეფასების და კრიზისის მიზეზის განსაღვრის შემდეგ, დახმარების საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობა განისაზღვრა და მის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ქალაქ ქუთაისში მოქმედი შემდეგი ორგანიზაციების: World Vision – საქართველო, „SOS“ ბავშვთა სოფელი, „INER Georgia“ და საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლები. ოჯახს, გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარების სერვის (ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური მხარდაჭერა) შესთავაზებს სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი ორგანიზაციები. გადაუდებელი საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ჩართულობა განისაზღვრება მატერიალური დახმარების კუთხით. აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზანია, არსებული რესურსის გაერთიანება და კოორდინირებული მოქმედება კრიზისულ მდგომარებაში მყოფი ოჯახის გასაძლიერებლად. წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ოჯახები მიუხედავად ცალკეული დახმარებებისა, ისევ საჭიროებენ თანადგომას. აღნიშნული მუშაობის პრინციპი კი შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტს და დახმარების გამწევ ორგანიზაციებს, ფლობდნენ სრულ ინფორმაციას, მათ მიერ გაწეული მომსახურების ეფექტურ ხარჯვასთან დაკავშირებით.