საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული 30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, დასავლეთ საქართველოში 2018 წლიდან აწარმოებს 33 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, საიდანაც 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს, ხოლო იმერეთში 17 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
რეაბილიტირებული საჯარო სკოლები საზეიმოდ გახსნეს, აშშ-ს ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდიმ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართელოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი. საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი. პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში.