ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-17 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. დეპუტატებმა რეორგანიზაციის შედეგად წარმოდგენილი საშტატო ნუსხა და სამსახურების დებულებები დაამტკიცეს. ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა და ცალკე არასამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. აუდიტის განყოფილების ნაცვლად კი აუდიტის სამსახური შეიქმნა. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის.
,,არქიტექტურის ა(ა)იპის შექმნის შემდეგ მოქალაქეები ისარგებლებენ ღია ფანჯრის პრინციპით და მოსახლეობას საშუალება ექნება გამარტივებული წესით, დაჩქარებულად მიიღოს ყველა ის დოკუმენტაცია რომელიც დასჭირდება.
დაახლოებით 7-10 ადამიანი დასაქმდება და ა(ა)იპი თავად შეძლებს თანხების მობილიზებას.თბილისის მოდელი ავიღეთ, როდესაც არქიტექტურის სამსახური გავაუქმეთ და შევქმენით ა(ა)იპი. მოგეხსენებათ რომ წერილის შემოსვლისას მას გარკვეული ვადა ჰქონდა რომ შესრულებულიყო. ამჯერად კი ყველაფერი გამარტივებულად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. აღნიშნული ა(ა)იპის წარმომადგენლები ასევე იმუშავებენ პროექტების შექმნაზე, თუმცა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ მონაწილებას,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად მიზანშეწონილია არსებობდეს შიდა უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა. მართალია ის აქამდე არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით, თუმცა მისი როგორც სამსახურად ჩამოყალიბებას, რომელიც ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი, არსებითი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში.