ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში სამდივნოს თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულად გამოვლინდა. პროექტი მიზნად ისახავს „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მოქმედი წევრების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერას და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას. პროექტის ფარგლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის მიერ შერჩეული ჰოლანდიელი ექსპერტი - გიდო დენ ტოლე, რომელიც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების განყოფილების მოხელეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იქნება ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების პროცესში. ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომელიც ბიძგს მისცემს პოტენციური ინვესტორების მოძიებას, საერთაშორისო არენაზე ქალაქის ცნობადობის ამაღლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 2017 წლის 30 მაისს მემორანდუმზე ხელმოწერით შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) და აღებული ვალდებულების ფარგლებში შემუშავდა ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა (LEDP) 2019-2020.