ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში - ეროვნული მასშტაბის კამპანია ქუთაისიდან დაიწყო. ფორუმში მონაწილეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიიღეს. ნინო თვალთვაძემ ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ იმ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა, რომელსაც ქუთაისის მერია სთავაზობს ადგილობრივებს, მათ შორისაა მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნეს და მარტოხელა დედების დახმარების პროგრამები. გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში მასპინძლობს. ფორუმი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ გახსნეს. ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.