ქუთაისში, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ბიზნეს განვითარების კოორდინატორი ვარლამ ჭილაშვილი იმყოფებოდა. ჭილაშვილის განცხადებით, ფორუმზე დეტალურად მოხდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა ნაკადის ზრდის ტენდენციების განხილვა. "დღეს ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საქმიანობის შესახებ ვისაუბრეთ. მათ შორის დეტალურად მიმოვიხილეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ზრდის ტენდენციები და ვისაუბრეთ კონკრეტულ რიცხვებზეც. კერძოდ, 2018 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ნაკადმა შეადგინა 617 000, რაც წარმოადგენს 52%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. ხოლო, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს 101%-იანი ზრდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მთლიანი წლის ჭრილში ველოდებით 48%-იან ზრდას და შესაბამისად წლიურად დაახლოებით 910 000 მგზავრს. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს ტერმინალის გაფართოვებითი სამშენებლო სამუშაოები და ახალი ტერმინალი სრულად ექსპლუატაციაში 2020 წლის პირველ ნახევარში შევა.ეს საშუალებას მოგვცემს მგზავრთა ნაკადი გაიზარდოს 48 000 მგზავრით"- განაცხადა ვარლამ ჭილაშვილმა.