ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ძალთა უთანასწორობის გამოვლენას წარმოადგენს და გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურული ბუნებით ხასიათდება. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის და ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს პასუხს სათანადო, ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის პასუხისმგებლობას, იგი მთლიანი სახელმწიფოს, საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა და საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევის გაერთიანებას და კოორდინირებულ მუშაობას. მოგახსნებეთ, რომ 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.
2018 წელს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კოორდინირებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს სამთავრობო უწყებების ერთიან და ინდივიდუალური ღონისძიებების სერიას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, როგორც კამპანიის, ისე კანონმდებლობისა და არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. 2018 წელს, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის თემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული: http://gov.ge/dzaladobistsinaagmdeg/#p=1