ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდამეოთხე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს.
ამათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაფუძნება იყო. სხდომაზე ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, რომ მალე, ქალაქს ექნება ავტობუსების განახლებული პარკი, 60 ახალი ავტობუსით, რომელთა ტექნიკური და ვიზუალური მონაცემები სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. განახლდება მომსახურე პერსონალის ბაზაც. თუმცა, ყველა ის გამოცდილი მძღოლი, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქალაქში მგზავრთა კომფორტულ და მშვიდობიან გადაადგილებას, გააგრძელებს მუშაობას განახლებულ ავტო-პარკში.
’’რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და EBRD-თან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქს ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ ქუთაისში არ ყოფილა. ახლა ვაპროექტებთ ახალ ავტო-პარკს, სადაც განთავსდება ავტობუსები. ასევე, მობილიზებული გვაქვს თანხა, რომ მალევე გამოცხადდეს ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს ქალაქში"-განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.