პორტუგალიის ქალაქი ბრაგა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიურ რიგით XVI კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის, 350 შემოქმედებითი ქალაქის წარმომადგენელთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონაწილეობს.
იოსებ ხახალეიშვილმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონესთან, ქალაქ ბრაგის მერთან რიკარდო რიოსთან, ქალაქ ლონდონის მერის მოადგილესთან იუსტინ საიმონსთან და აიოვას მერთან ბრიუს თიგსთან.
გარდა ამისა, ქუთაისის მერმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მერების ფორუმზე, სადაც საუბარი შეეხო ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერებას.
2024 წლის UCCN ყოველწლიური კონფერენციის მიზანია ყურადღება გამახვილდეს, თუ როგორ აძლიერებს ქალაქების შემოქმედებითობა მდგრად ურბანულ განვითარებას და ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების გამოხატვას.
ბრაგის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მუნიციპალური მმართველობის, საინვესტიციო ინიციატივებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისთვის.