ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქუთაისის მერიამ პატარებს , ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე , ახალგაზრდობის პარკში უმასპინძლა. ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა. " ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას! ბავშვები უნდა იზრდებოდნენ მშვიდობიან, ჯანსაღ გარემოში და ჩვენ, უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ჰქონდეს ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში!" - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.