საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
26 მაისის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას.
" საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
გრძელი და რთული გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამ დღის შემოქმედია მთელი ერი და მათ შორის გამორჩეული გმირები.
️ დღეს პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს, ვისი დამსახურებაცაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. საქართველო იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, ძლიერი და ერთიანი ევროპული ქვეყანა!
ეს დღე ჩვენია!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია საგამოფენო სივრცე " რაც გვეამაყება და გვაერთიანებს ", საბავშვო, სპორტული და გასართობი სივრცეები,
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდება.