ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ კალიგრაფის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები, საჯარო ლექცია თემაზე ,,ენა და კულტურა" წაიკითხა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფხაკაძემ, მადლობის სიგელი გადაეცა ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნინო თურქიას, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ასომთავრულით გადაწერა.
ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციაში დაცული საარქივე მასალები: უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, კორნელი კეკელიძეს, ვასილ კარბელაშვილს და სხვებს.
ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.