საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
უქიმერიონის გორაზე, გაფრინდაშვილისა და კიკვიძის ქუჩებზე , საყრდენი კედლების მიმდებარედ, გეოდინამიკური პროცესების გამო , ფერდობზე შესაძლო მეწყრული პროცესების თავიდან ასარიდებლად, დაიგეგმა ფერდის გამაგრება და საყრდენი კედლების განახლება.
️სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზიანის პრევენციის მიზნით ხორციელდება კიდევ ერთი პროექტი- მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაფართოება და დამცავი გაბიონების მოწყობა.
„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან ერთად გავეცანით რეგიონული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას. ამ ეტაპისთვის, აღნიშნული ფონდი ქუთაისში 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აფინანსებს.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ ახლახან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უქიმერიონის გორაზე ჩატარდეს მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები, რათა მოსახლეობას სტიქიის შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნას. უკვე მიმდინარეობს გაფრინდაშვილისა და კიკვიძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და მალე გამოცხადდება სამუშაოების შესყიდვა.
მოვინახულეთ მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები, სადაც გაიწმინდა და გაფართოვდა მდინარის კალაპოტი, ეწყობა დამცავი გაბიონები.
შევხვდით როგორც მოქალაქეებს, ასევე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ მიმდინარე სამუშაოებსა და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით იქნება დაგეგმილი. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.