თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე ქუთაისის კამერულ გუნდს (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე), სახელმწიფოს ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.
საღამოს ესწრებოდნენ : საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
საიუბილეო საღამოზე მაყურებელს კომპოზიტორის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე საინტერესო და უცნობი ფაქტები გააცნეს, ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა, საგუნდო კოლექტივებმა კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს.
„ საგუნდო მუსიკის კლასიკოსის, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე , ქუთაისის კამერულ გუნდს იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.
მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, იოსებ კეჭაყმაძის ოჯახს, რადგან სწორედ მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ქუთაისისთვის ძვირფასია იოსებ კეჭაყმაძის „ ქუთაისური სერენადა“, რომელშიც ჩვენი ქალაქის მელოდია და აქცენტები ელეგანტურად და სიფაქიზითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც უხდება ქუთაისს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.