პოეზიის საერთაშორისო დღე
21 მარტს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის N8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალში პოეზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო პოეტი ქალბატონების მარიამ მინდელის, მარიამ მებუკეს, მარიამ გიორგაძის და მარი სადღობელაშვილის შემოქმედებისა და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსების საჯარო კითხვა.
ამონარიდები ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებიდან:
„თეთრ ქვებს ალოკავს ურჩი ფაზისი,
ტანს ვერ იოკებს, სცდება ნაპირებს.
"პიკასოს ბიჭიც" ცურვას აპირებს,
(ყოვლის მომსწრეა ეს ოაზისი).
და რომ შეჰყრია ზეცას ფთილებად,
ბაგრატის ტაძრის ნაფიქრალია.
ქუთაისი კი, ძველი აია,
სამოსზე იკრავს ფიფქებს ღილებად.“
- მარი სადღობელაშვილი.
„ხელოვნება პატიმრობაში,
ციხე,საიდანაც არავინ გარბის,
ციხე,რომელშიც სულებს ამწყდევენ
და ანარეკლებს საკნის კარზე აწყობენ
ჩუმად,
ჩუ,მანდ სირინოზებიც უხმოდ გალობენ!“
- მარიამ მინდელი.
„ნეტავ, მივაგნებ შენს გულის კარს
ჩემთვის გაღებულს,
თუ ამ კარებში მე დამხვდება სხვისი აჩრდილი?
იქნებ, ვიხილო ეგ კარები გადარაზული
ან დაფლეთილი და გული კი სულ გაძარცვული
ვინ იცის, იქნებ, შენი გული უკვე სხვისია
და კარები კი ჩემთვის უკვე დაკეტილია
მაგრამ, რაც უნდა ძნელი იყოს გულის მოგება,
მე არ ვაპირებ უბრძოლველად დღეს დანებებას!“
- მარიამ გიორგაძე.
„იდუმალი არ იყავი,
საიდუმლოდ შემეყარე,
შორი ზღვები გამრიყავენ,
მაგრამ მაინც გადმოგძახებ -
სხვას რომ ჰგავდე,
როგორ გიცნო?
რომელ კლდეზე მოგეჯაჭვო?
რამდენ ქვიშას ჩავეჭიდო?
მარტო კაცო, გასაქრობო,
ავი თვალის საბრალისო.“
- მარიამ მებუკე.