ქუთაისში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი თენგიზ სულთანიშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში, „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს - „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“.
პროექტის მიზანია მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება. ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის განხორციელდა თვისებრივი კვლევა საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში.
კვლევის შედეგად სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეფასდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, შეირჩა დანერგვის ეფექტური მოდელები. ასევე, შემუშავდა ქმედითი ინსტრუმენტები და რეკომენდაციები, რათა ხელი შეუწყოს პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებას და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებას.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს.