ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარე და
განსახორციელებელ პროგრამებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წელს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს.
დოკუმენტი მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობას, ასევე, მათი სოციალური ინკლუზიის გარანტიების გაძლიერებას.
აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას. მათ შორისაა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეკრეაციული სივრცეების უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქტიური ჩართულობა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მნიშვნელოვანი სიახლეა ქალაქის საკრებულოს სხდომების ჩატარება სურდო თარგმანის (ჟესტური ენის) თანხლებით. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.
სურდო თარგმანის თანხლებით სხდომა უკვე წარმატებით ჩატარდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ქალაქში მიმდინარე საკანონმდებლო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის.