ქუთაისში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ - ის იმერეთის რეგიონული ტურნირი გაიხსნა.
,,შენგელია არენაზე“, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები ერთმანეთს მძლეოსნობასა და ბადმინტონში შეეჯიბრნენ.
მძლეოსნობაში პირველ ადგილზე სამტრედიის N11 საჯარო სკოლის გოგონათა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეს საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები გავიდნენ, ბადმინტონში კი გამარჯვება ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მოიპოვეს. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს შესაბამისი მედლები და დიპლომები გადაეცათ.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ სპორტის 7 სახეობაში (მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი) იმართება. მასში მოსწავლეები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან არიან ჩართულები. ოლიმპიადის მონაწილეებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა.
,,ქუთაისში სტარტი აიღო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულმა ტურნირმა, რომელსაც განახლებული ,,შენგელია არენა“ მასპინძლობს. მასში საჯარო სკოლის მოსწავლეები იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტიდან არიან ჩართულები. მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ადგილობრივი თვითმმართველობისგან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
გამარჯვებული მოსწავლეები ოლიმპიადის ზონალურ ტურნირზე იასპარეზებენ.