ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა განიხილეს „მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტის“ მონიტორინგისა და ანგარიშგების შესახებ საქალაქო სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების ანგარიში SDG მიზნების მიღწევის პროგრესზე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ადგილობრივ დონეზე დასანერგად და „მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტი“ მიიღო.
სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, იმერეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
SDG დოკუმენტით, თითოეული ამოცანის შესრულება გაწერილია დროში და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად განსაზღვრულია გაეროს მდგრადი განვითარების 12 მიზანი, 29 ამოცანა, 49 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები (2030 წლისთვის).
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადგილობრივი პოლიტიკა დაგეგმა მდგრადი განვითარების 3 განზომილებით − ეკონომიკა/ინფრასტრუქტურა, სოციალური და გარემოსდაცვითი. იგი წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ადგილობრივ განსაზღვრებას, რომელიც პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს საქმიანობის დაგეგმვას 2030 წლამდე.
„მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტის“ ყოველწლიური მონიტორინგის და ანგარიშგების წარმოება ერთგვარი კარგი პრაქტიკის დანერგვაა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას გვაძლევს საშუალებას, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით და მათი უშუალო ჩართულობით, გამოვავლინოთ არსებული გამოწვევები, შევიმუშაოთ მათი დაძლევის გზები, წარმოვაჩინოთ მიღწევები და წარმატებები, დავაჩქაროთ გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალურ დონეზე განხორციელება.
მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის განხორცილებაში ჩართულ ყველა სამსახურს და ადამიანს, რომლებმაც გასულ პერიოდში ბევრი რამ გააკეთეს SDG დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად, რაც , თავის მხრივ, ქუთაისის განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.