ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა.
შობის მახარობლებმა მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყეს.
დღეს ტაძრის ეზოში რეზო გაბრიაძის წყარო გაიხსნა. წყაროსთვის კერამიკული ფილები მწერალმა თავად შექმნა - ქუთაისისა და თბილისისათვის.
ის სიმბოლურად გამოსახავს იმ ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავი იყო დაფარული, ოთხთავსა და სახარების მარადიულ ღირებულებებზე- სიყვარულსა და სიბრძნეზე მიგვანიშნებს.
წყაროს ქვის ფილა რეზო გაბრიაძის შვილმა რეჟისორმა ლეო (ლევან) გაბრიაძემ თავად ჩამოიტანა ქუთაისში. წყაროს განთავსების ადგილი შეირჩა რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებში აღწერილი ქუთაისის ძველი უბნების მიხედვით.
წყაროს გახსნასა და საშობაო მსვლელობაში მონაწილეობდნენ: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ვიცე-გუბერნატორი ლევან სანიკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
" ქრისტეშობას ვულოცავ ყველას! სიყვარულის, სათნოების, რწმენის და იმედის დღესასწაულია ეს დღე და ყოველთვის სიხარულით აღვნიშნავთ.
წელს საშობაო მსვლელობა დავიწყეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან, რომლის ეზოშიც გავხსენით რეზო გაბრიაძის წყარო. რეზო გაბრიაძის სამყაროს ცენტრი ქუთაისია, სწორედ ის უბნები, სადაც ეს წყარო დავდგით.
მჯერა, გაბრიაძის წყარო ქუთაისის ღირსშესანიშნაობებს შორის მალე დაიმკვიდრებს სათანადო ადგილს."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საშობაო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. შეგროვებული ნობათი საქველმოქმედო მიზნებით განაწილდება.