ელექტროძრავიანი ავტომობილები - ურბანული ტრანსპორტის მომავალი?!
მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ატმოსფეროში გაფრქვეული ნახშირორჟანგის მეოთხედს სატრანსპორტო სექტორი წარმოშობს. იქედან გამომდინარე, რომ ტრანსპორტი ენერგიის ძირითადი მომხმარებელია და მსოფლიო ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ის მოიხმარს, შესაბამისად, მისი ზემოქმედება გარემოზე მნიშვნელოვანია. რესურსების გამოყენების გარდა, ავტოტრანსპორტი ჰაერის ინტენსიური დამაბინძურებელიცაა და მაშინ, როდესაც ტრანსპორტის რაოდენობა მუდმივად მატულობს, იზრდება ჰაერის დაბინძურების დონეც. ტრანსპორტის ოპერირების შედეგად ჰაერში აზოტის ოქსიდები და სხვა მავნე ნაწილაკები წარმოიქმნება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და აუარესებს ცხოვრების დონეს, ნახშირორჟანგის ემისია კი, გლობალურ დათბობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. თუმცა, ამავდროულად, ისიც თვალსაჩინოა, რომ ეკონომიკა ტრანპორტირების გარეშე ვერ იფუნქციონირებს, საზოგადოებას კი სჭირდება ტრანსპორტით სარგებლობა.
ზოგიერთი მეცნიერისა და პოლიტიკოსის მოსაზრებით, ელექტრო-ტრანსპორტი ტრადიციული ტრანსპორტის ეფექტური ალტერნატივაა. ტრადიციულის ელექტრო-ტრანსპორტით ჩანაცვლებით, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდეს საზოგადოებრივი სივრცეები და ურბანული ჰაერი, რადგან მისი ემისია ფაქტობრივად, ნულის ტოლია. გარდა ეკომეგობრულობისა, საინტერესოა, თუ რა უპირატესობები აქვს ელექტრო-ტრანსპორტს, რის გამოც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მათზე გადასვლისკენ აქტიურად ილტვის.
საილუსტრაციოდ, წარმოგიდგენთ რამდენიმე ბენეფიტს, რომელიც ელექტრონულ ტრანსპორტს ტრადიციულის საპირწონედ აქვს:
➢ ელექტრო-ტრანსპორტი ჩუმია და არც უსიამოვნო სუნი აქვს, რადგან გამონაბოლქვს არ წარმოშობს.
➢ მას სჭირდება ნაკლები საოპერაციო და შენახვის ხარჯი, რადგან ნაკლები
რაოდენობის სათადარიგო ნაწილი სჭირდება. ამ კუთხით, ელექტროტექნიკას ნაკლები ცვეთაც აქვს.
➢ ელექტრომობილს, იქნება ეს ელექტროსატვირთო, მსუბუქი თუ
ავტობუსი, ნაკლები დანახარჯი აქვს და უფრო ენერგო-ეფექტურია, ვიდრე დიზელის, ბენზინის თუ ნებისმიერ სხვა საწვავზე, მათ შორის, წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები.
➢ აღსანიშნავია დატენვის სიმარტივე, რომელიც მობილური ტელეფონის
დატენვის სიმარტივის ტოლფასია.
➢ აქვს რეგენერაციული მუხრუჭი - დამუხრუჭებისას წარმოქმნილი სითბო
გარდაიქმნება ელექტრო-ენერგიად, რაც ტრანსპორტის ბატარეას ტენის და დამატებით ენერგო-ეფექტურობას ქმნის.
მიუხედავად უპირატესობებისა, ახალი ავტომობილების ბაზრის უდიდესი ნაწილი მაინც ტრადიციულ ტრანსპორტზე მოდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ღირებულებაა: ელექტრონული ტრანპორტის ყიდვა იგივე გაბარიტების მქონე ტრადიციულ ტრანსპორტზე უფრო ძვირია. თუმცა, ეს ტენდენცია იცვლება და ელექტროტრანსპორტის განვითარებასთან ერთად მისი ფასიც კლებულობს. ვითარდება და იხვეწება ელექტროტექნიკისთვის საჭირო ელემენტებიც. უკვე მოქმედი ელექტროავტობუსები ახერხებს, ნორმალური გადაადგილების რეჟიმსა და ექსპლუატაციის ოპტიმალურ პირობებში, 500 კილომეტრი დაფაროს.
ბოლო წლებში, ელექტრონულ ტრანსპორტზე გადასვლა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაისახა მიზნად, მათ შორის ამერიკამ, იაპონიამ, ჩინეთმა, ინდოეთმა და ევროპულმა ქვეყნებმა. მაგალითისთვის, იაპონია გეგმავს ეტაპობრივად, 2050 წლიდან, მხოლოდ ელექტრონული ტრანსპორტი გაყიდოს. ამერიკის რამდენიმე შტატში კი, 2050 წლამდე უნდა მოხდეს ეროვნული ტრანსპორტის მიერ გამოყოფილი ემისიის ნოლამდე შემცირება.
ელექტრო ტრანსპორტის წახალისების მიზნით საქართველოც ქმედით ნაბიჯებს დგამს. 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, Euro 5-ზე ნაკლები ემისიის მქონე ტექნიკის შემოყვანა აიკრძალება. ემისიების სტანდარტები წლების განმავლობაში მუშავდებოდა. დღეს ევროკავშირში Euro 6-ის ემისიის სტანდარტი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ოდენობის CO2-ის გამონაბოლქვი.
დედაქალაქ თბილისში, ელექტრო ტრანპოსრტისთვის უფასოა ზონალური პარკირება, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებში. ელ. მანქანებისთვის ასევე უფასოა ტაქსის ლიცენზია. უფასოა მუნიციპალური დამტენებით სარგებლობაც. რადგან დამტენები ქალაქის მასშტაბით ყველგან ხელმისაწვდომი არ არის, მერიის ვებ-გვერდზე - www.charge rs.tbi l i si .gov.ge შესაძლებელია მოთხოვნის დარეგისტრირება, რომელიც განხილვის საფუძველზე შეიძლება დაკმაყოფილდეს. ამჟამად, საიტზე 290 განცხადება რეგისტრირდება, რაც ელ. ავტომობილების მზარდ მოთხოვნაზე მეტყველებს. 2016 წელს საქართველოში პირველად დამონტაჟდა საჯარო მოხმარების ელ. მობილის დამტენები. ასეთი ქსელის განვითარება მნიშვნელოვანია ელ. ტრანსპორტის არსებობისთვის. ელ.ტრანსპორტის წასახალისებლად, ასევე დაწესებულია საგადასახადო შეღავათები - მარცხენა-საჭიანი ელექტროძრავიანი ტრანსპორტის იმპორტირებისას სრულიად მოხსნილია საბაჟო გადასახადი. ამასთან, 2023 წლის ბოლომდე დედაქალაქში იგეგმება 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, სულ კი 160 ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს.
მუნიციპალურ სექტორში ელექტროსაზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა ხელს შეუწყობს საქართველოს, გააუმჯობესოს ენერგოეფექტურობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. ბათუმის საქალაქო- სატრანსპორტო სექტორს მაგალითად, ელექტრო ავტობუსები 2017 წლიდან ემსახურება, რაც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისთვის, ევროპული სერვისების დანერგვისა და ტრანსპორტის მოდერნიზებითვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
ელექტრო ავტობუსების შემოყვანა ქუთაისშიც იგეგმება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში სატრანსპორტო სისტემის დახვეწასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადაწყობას. ეკონომიკური თვალსაზრისით, პირველადი ინვესტიციის მიუხედავად, ხანგრძლივ პერსპექტივაში ელექტრო ავტობუსები ნაკლებხარჯიანია, რადგან საწვავს არ მოიხმარს, საოპერაციო ნაწილები კი ცოტა და გამძლე აქვს.
მაგრამ, სანამ ქალაქი ელექტრო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლას გადაწყვეტს, არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ მოფიქრებასა და დაგეგმვას საჭიროებს. მაგალითად: არსებობს თუ არა, დამუხტვისა და ელექტროგამომუშავების შესაბამისი ინფრასტრუქტურა (დამტენების ქსელი, ძაბვა და ა.შ.); ან, სად და როგორ მოხდება რესურსამოწურული ენერგოელემენტების უტილიზაცია, და ა.შ.
ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთა დაგეგმვის გარეშე ელექტრო ტრანსპორტზე გადასვლა არა თუ დადებითი შედეგის მომტანი, არამედ, კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს. ამრიგად, ელექტრო ტრანსპორტის გავრცელებისას, აუცილებელია ჰოლისტური მიდგომა, სადაც ეკონომისტები, მეცნიერები, პოლიტიკოსები თუ სანტრასპორტო ექსპერტები ერთად იმუშავებენ ყველაზე ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომელიც იქნება ეკომეგობრული და მდგრადი. მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიურობა, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს ტექნოლოგიების განვითარებაში. სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივი ძალებით უნდა ჩაერთონ ელექტროსატრანსპორტო სისტემის განვითარებაში.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“, რომლის მიზანსაც ქალაქ ქუთაისის მდგრადი ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, დაბალემისიიანი ტრანსპორტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. პროექტი სრულად უჭერს მხარს ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სადემონსტრაციო პროექტებით დახმარებას სთავაზობს.