ქუთაისის მერიაში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მორიგი ეტაპის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა, მერიის სამსახურების წარმომადგენლები.
ქუთაისის გენგეგმასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გეგმაზე მუშაობის მომდევნო ეტაპზე მერიის სამსახურების ჩართულობის შესახებ ისაუბრა მოწვეულმა ექსპერტმა, არქიტექტორ-მგეგმარებელმა გიორგი აბაშიძემ.
გენგეგმაზე მუშაობის პირველ ეტაპზე შეიქმნა კონცეფცია, რომელიც უკვე დაამტკიცა ქუთაისის საკრებულომ. მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს უშუალოდ გენგეგმის დოკუმენტის შექმნა.
ქუთაისის მერიის ურბანული დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის მიერ მზადდება ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა კონკურსის ფორმით და რომელშიც წარმოდგენილი იქნება სავალდებულოდ გასათვალისწინებელი დავალებები გამარჯვებული კომპანიისთვის.