ქუთაისის მერიამ ქალაქის სპორტულ საზოგადოებას თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფცია წარუდგინა. ღონისძიება "შენგელია არენაზე" გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.
ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დაასრულა მუშაობა „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტსა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე”.
პროექტი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით.
კომიტეტის ინიციატივით , სპორტის კონცეფციის წარდგენა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში მოეწყო, დღეს კი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები ქუთაისში შეიკრიბნენ და ერთად იმსჯელეს დოკუმენტის შესახებ.
" ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, პირველად საქართველოში, შეიმუშავა სპორტის განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლის მიხედვითაც მოხდება ქუთაისში სპორტის განვითარება 2024-2030 წლებში.
️დოკუმენტი მეტად მნიშვნელოვანია და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად დავგეგმოთ ქუთაისში სპორტის განვითარების ხვალინდელი დღე.
დღეს ეს დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სპორტულ საზოგადოებას, სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს წარვუდგინეთ, ერთად ვიმსჯელეთ კონცეფციის დადებით მხარეებზე და დოკუმენტის განხორციელების ასპექტებზე.
ქუთაისის სპორტის განვითარების კონცეფცია მრავალი ადამიანის შრომის შედეგად შეიქმნა და მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კი , საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, პირადად ბატონ ირაკლი მეძმარიაშვილს, იმ თანადგომისთვის, რასაც მათგან მუშაობის პროცესში ვგრძნობდით.
ქუთაისის უკვე აქვს სპორტის პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ახლა მთავარია ამ გეგმის რეალობად ქცევა!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.