საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
კომიტეტის წევრები , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ ქუთაისში განხორციელებულ სპორტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის სპორტის სასახლეში, დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტულ სკოლაში, საკალათბურთო დარბაზში და „დინამოს“ სტადიონზე.
შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ქუთაისში განხორციელებული პროექტები და ისაუბრეს გამოწვევებზეც, მათ შორის „დინამოს“ სტადიონთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს სტადიონი მოწესრიგდეს და ქალაქს, ქუთაისელ ბავშვებს, ახალგაზრდებს და სპორტსმენებს დარჩეს.