ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დაასრულა მუშაობა „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტსა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე”.
კომიტეტის ინიციატივით, დოკუმენტის განსახილველად, საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ქუთაისის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, კომიტეტის წევრები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
„ ქუთაისის მერიამ , საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტთან ერთად, სპორტის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა.
დღეს „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის” პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში გავმართეთ, სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად.
დოკუმენტი მეტად მნიშვნელოვანია და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრულად დავგეგმოთ ქუთაისში სპორტის განვითარების ხვალინდელი დღე.
სპორტულ ფედერაციებს გავაცანით ის საერთაშორისო ტურნირებიც, რომლებიც მთელი წლის მანძილზე იმართება ქუთაისში და სურვილი გამოვთქვით, რომ ეს ღონისძიებები ერთობლივად იქნეს ორგანიზებული.
რამდენიმე დღეში სპორტის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე, სადაც, სპორტის მესვეურებთან ერთად, საშუალება გვექნება კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს კონცეფცია და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ უფრო მეტ მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს .“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.