ქუთაისში მოქმედი საჯარო და კერძო სამართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, უფასო მგზავრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოქალაქეებს დღეს, ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა რიჟამაძემ, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან, ირაკლი ცხვედიანთან ერთად მიაწოდა.
სერვისით სარგებლობისთვის მოსწავლეებმა საჭიროა გამოიყენონ „თიბისი ბანკის" მოსწავლის ბარათი.
მოსწავლის ბარათის აღება უფასოა და შესაძლებელია ქუთაისში მოქმედი „თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.
ბარათის მისაღებად, აუცილებელია მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა „თიბისი ბანკში” წარადგინოს მოსწავლის დაბადების მოწმობა.
მოსწავლეს ასევე შეუძლია ისარგებლოს უკვე აღებული „თიბისი ბანკის” მოსწავლის ბარათით იმ შემთხვევაში, თუ ბარათი გაცემულია ქუთაისში მოქმედი აღნიშნული ბანკის ფილიალებში.
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს ნულოვანი ტარიფით სარგებლობა შეეძლებათ მოსწავლის ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ.
მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მოსწავლემ ტრანსპორტში განთავსებულ ელექტრონული აღრიცხვის სისტემაზე ბარათი აუცილებლად უნდა დააფიქსიროს.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ქუთაისში მოქმედი საჯარო და კერძო სამართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, 33 619 მოსწავლე უფასოდ იმგზავრებს.