ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ .
სკოლის მოსწავლეებს „თიბისი ბანკის " მოსწავლის ბარათის აღება უფასოდ შეეძლებათ "თიბისის" სერვის-ცენტრებში. მუნიციპალური ტრანსპორტით სულ 33 619 მოსწავლე იმგზავრებს უფასოდ.
,,ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. ეს საკითხი უკვე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. 33 619 მოსწავლე გვყავს ქალაქში და თითოეულ მათგანს გადაეცემა „თიბისი ბანკის“ უფასო სამგზავრო ბარათები. ჩვენ დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტდით და პირობა შევასრულეთ. ვფიქრობ, დიდი შეღავათი იქნება ეს სიახლე მოსწავლეების ოჯახებისთვის“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.