სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე იმერეთისა და ქუთაისის რეგიონალური სმენის შეზღუდვის მქონე კავშირის წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას აღნიშნული კავშირის წარმომადგენლებმა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნებათ.
- სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შევხვდი სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანებს. მოვისმინე მათი პრობლემები.მიმაჩნია, რომ ერთობლივად უნდა შევძლოთ გვერდით დავუდგეთ და მოვახდინოთ მათი სოციალურ გარემოში ადაპტაცია. რაც მოვისმინე ძირითადი საკითხები არის ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა ამა თუ იმ საკითხებში, დასაქმების პრობლემა, ინფორმირებულობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგალითად ბევრმა მათგანმა არ იცის მომსახურების რა პაკეტები არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით. პრობლემა აქვთ მართვის მოწმობის აღების საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ. ვფიქრობ ერთობლივად შევძლებთ ამ ადამიანების სოციალიზაციას.