ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ „World Vision საქართველოს“ დირექტორი ეკატერინე გურგენაძე, „World Vision საქართველოს“ იმერეთის პროგრამის ხელმძღვანელი დავით ჩხობაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან სანიკიძე, ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერები.
„World Vision საქართველო“ 2008 წლიდან ახორციელებს იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამას ქუთაისის, ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 12 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. შეიქმნა ბავშვთა დაცვის და ადვოკატირების სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს იმერეთში ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მოქმედ უწყებებს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, ისაუბრეს მიმდინარე ინიციატივებზე, მოწყვლადი ოჯახების/ბავშვების აქტუალურ საჭიროებებზე.
World Vision-ის გუნდმა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებს, ქუთაისის, ბაღდათის და ზესტაფონის მერებს, ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.