ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა.
გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ჭადრაკის მსოფლიო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ქუთაისის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, განათების და წყალგაყვანილობის სისტემა. სამეცადინო და სატურნირო ოთახები მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოწესრიგდა სკოლის ეზო, სადაც ღია საჭადრაკო დაფა გაკეთდა. თემატურად მოიხატა შენობის ფასადის კედელი. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის 544 133 ლარი დაიხარჯა. პროექტი რგპფ-მ დააფინანსა. სკოლაში ამ ეტაპზე 327 ნორჩი მოჭადრაკე ეუფლება ჭადრაკს.
„ქუთაისის საჭადრაკო სკოლის აღზრდილები მუდმივად საპრიზო ადგილებს იკავებენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ჭადრაკის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე. მჯერა აქ ისევ გაიზრდებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.