ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ქუთაისის მერმა ტალინში, 2023 წლის "ღია მმართველობის პარტნიორობის" ( OGP) გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „სამიტის მიზანი იყო ციფრულ ეპოქაში ღია მმართველობაზე ყურადღების გამახვილება, როგორც ტექნოლოგიის პოტენციალზე, რათა მმართველობა და პოლიტიკის შემუშავება გახდეს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა დემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც გულისხმობს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების მიცემას, დააფიქსირონ თავიანთი ხმა და წვლილი შეიტანონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ებრძოლონ კორუფციას, მოახდინონ საჯარო მომსახურებების რეფორმირება და დაძლიონ კლიმატური ცვლილებები. სამიტის სესიებზე ისაუბრეს OGP –ის 5 წლიან სამოქმედო გეგმაში შემავალ თემებთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებულ ხედვებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია იმ ხუთ ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, რომელიც OGP-ის 2016-2018 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას შეუერთდა.