ქუთაისში მცხოვრებ 42 სოციალურად დაუცველ ოჯახს საერთო საცხოვრისში ბინები გადაეცათ.
გუგუნავას ქუჩაზე მდებარე შენობას, სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით , განახლდა შენობის ექსტერიერის დაზიანებული ნაწილები, ხოლო ინტერიერში არსებული ტიხრების დემონტაჟის შემდეგ, სივრცეები გადაკეთდა საცხოვრებელ ბინებად . ასევე სრულად შეიცვალა კომუნიკაციების ქსელი . ბინები აღიჭურვა შესაბამისი საყოფაცხოვრებო ავეჯით.
ახალმოსახლეებს ბინების გასაღები გადასცეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილეებმა დავით ერემეიშვილმა და თამარ დახუნდარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ.
“დღეს 42 ოჯახს სოციალურ საცხოვრისში ბინები გადავეცით. ეს ადამიანები რამდენი წლის განმავლობაში ელოდნენ თავშესაფარს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. შენობას, რომელშიც სოციალური საცხოვრისი მოვაწყვეთ, ჩაუტარდა შესაბამისი რეკონსტრუქცია, მობინადრეებს ადგილზე დახვდათ ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
პროექტი რეგიონული განვითრების ფონდმა დააფინანსა და 840 000 ლარი დაიხარჯა.
ვულოცავ ამ ოჯახებს ახალმოსახლეობას!
ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კვლავ გააგრძელებს სოციალურ პროექტებზე მუშაობას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.