ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ჭეიშვილთან ერთად, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 დღეა დაიწყო და 3 თვეში დასრულდება. თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, სადენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსებას გულისხმობს. ამასთანავე მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მთლიანად მოასფალტდება ქუჩა და დაიხაზება შესაბამისი ნიშნულებით. თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილ სადენ მშენი" შეასრულებს. პროექტის ღირებულება 1მლ 56 000 ლარია. ,,თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე აუცილებელი და გადაუდებელი იყო. წლებია აღიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ასევე გართულებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა. ჩვენ გავაკონტროლებთ რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გადაიკეტება აღნიშნული მონაკვეთის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი.