ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

1 მარტი, 2019

საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა. სახლ-მუზეუმში ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციასთან ერთად, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე იმყოფებოდნენ. პოლონელმა სტუმრებმა, სამუზეუმო ექსპონატებად გამოფენილი, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა დაათვალიერეს და ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიას გაეცვნენ. მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. ქუთაისიდან თბილისში დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემდეგ, სამუზეუმო ექსპონატების აღდგენა განახორციელა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა, რომელიც საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორია. აქტიურ ფაზაშია ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის მუზეუმოგრაფიის კონცეფციის შემუშავების პროცესიც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმის სპეციალისტები ამზადებენ. კონცეფციამ სამუზეუმო სივრცის საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გარემოდ ქცევა უნდა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ ქუთაისში კლასიკური მუსიკის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე დოკუმენტის საფუძველზე სააგენტოს მიერ მომზადდება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტიც. სააგენტოს ორგანიზებითვე, ახლო მომავალში ფალიაშვილის ქუთაისის სახლ-მუზეუმსა და შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამომავლოდ ქართველი კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად განაპირობებს. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელშეწყობის უზრუნველყოფის ვალდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე 1 წელია ნებაყოფლობით აქვს აღებული. სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივით, მიმდინარე წელსვე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიული შენობა ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იქნება წარდგენილი. სათანადო დოკუმენტაციას უწყების კვლევის სამსახური უკვე ამზადებს.

გააზიარე