ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საკრებულომ რიგით 34-ე სხდომა გამართა

30 სექტემბერი, 2020

30 სექტემბერს 15 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 34-ე სხდომა გაიმართა.

 სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე, საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხაში ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ანგარიშები.

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 34-ე სხდომის გადაწყვეტილებები:

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N69 დადგენილებაში; საქართველოს ,,ადნისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ ახალი 2904-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების შესაბამისად დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი;

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N27 განკარგულებაში. კომისიის შემადგენლობას ახალი წევრი, პარტია ევროპული საქარველოს წარმომადგენელი, კოტე რატიანი შეუერთდა;

 დადებითად შეფასდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული მუშაობის ანგარიში.

 დადებითად შეფასდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული მუშაობის ანგარიში .

 დადებითად შეფასდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის 2020 წლის ცხრა თვეში გაწეული მუშაობის ანგარიში.

 ახალი კორონავირუსის („COVID-19“) გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2020 წლის ოცდაათი სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ ქუთაისში M1 (მსუბუქი ავტომობილები), M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 კატეგორიის (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიები ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისგან გათავისუფლდნენ.

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №115 განკარგულებაში.

ცვლილების თანახმად საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადასაცემი ქონების ნუსხას დაემატა ქალაქი ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა N12-ის მიმდებარე, 684.0 კვ,მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,სარეგისტრაციო ნომერი - 03.05.28.216.

ასევე ქალაქი ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩა N9-ში (ყოფილი 1905 წლის რევოლუციის ქუჩა N11) მდებარე შენობის I სართულზე არსებული არასაცხოვრებელი 27,08 კვ.მ ფართი, სარეგისტრაციო ნომერით -03.03.21.295.01.502.

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის №61 განკარგულებაში.

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დანართს დაემატა შემდეგი უძრავი ქონება:

1.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქალაქი ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა N12-ის მიმდებარედ 684.0 მ/კვ. სარეგისტრაციო ნომერი - 03.05.28.216

2.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქალაქი ქუთაისი, ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, N15ა 11136.30 მ/კვ. სარეგისტრაციო ნომერი - 03.05.02.616.

3.არასაცხოვრებელი ფართი ქალაქი ქუთაისი, წმინდა ნინოს ქუჩა N9-ში (ყოფილი 1905წლის რევოლუციის ქუჩა N11) მდებარე შენობის I სართულზე არსებული ფართი 27.08 მ/კვ. სარეგისტრაციო ნომერი- 03.03.21.295.01.502.

 ცვლილება შევიდა „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №67 განკარგულებაში;

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის №15ა-ს ჩრდილოეთით), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, გადაეცა სახელმწიფოს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „მილენიუმ სპორტის ფილიალი საქართველოში“ (ს/ნ 400204710) შორის 2017 წლის 3 მაისს გაფორმებული N62 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მოწყობილია სპორტული მოედანი;

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ბუხაიძის ქუჩა მე-2 მიკრო/რაიონი N17-ის აღმოსავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის /ფართობით 536,0 კვ.მ; საკადასტრო კოდი №03.01.22.244, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაეცა „ქუთაის-გაენათის ეპარქიას;

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტომანქანა „FORD TRANSIT “-ი), პირობებით პრივატიზებისათვის ელექტრონული აუქციონის წესით გაცემის თაობაზე;

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ქალაქ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა №9-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილის) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საპორე ფრედოსათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე დიმიტრი ალავიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 მარტის №262 განკარგულებაში.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ შორის 2015 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული N28 საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული, გადაუხდელი საიჯარო ქირის, დაკისრებული პირგასამტეხლოს განწილვადებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე.

გააზიარე